2014-08-22

იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი მეორე სამეცნიერო კონფერენცია
13 ივნისი 2014წ



ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლება
ხათუნა დოლიაშვილი
ინგლისური ენის მასწავლებელი
გორის #7 საჯარო სკოლა
ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა უცხოური ენის სწავლებისა და უცხო კულტურის მიწოდების ალტერნატიულ მეთოდებს. ანტიკურ ხანაში ვარაუდობდნენ, რომ უცხოური ენისა და ამასთანავე კულტურის შესწავლა მიზანშეწონილი იყო მიზნობრივ ქვეყანაში. შუა საუკუნეებში მრავალი ადამიანი არაერთ უცხოურ ენას ფლობდა, თუმცა კი ცნობილია, რომ სამონასტრო სკოლებსა თუ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში სისტემურად მხოლოდ ლათინური ენა ისწავლებოდა, სხვა დანარჩენ უცხოურ ენებს კი ადამიანები ამ ენაზე მოსაუბრე ხალხთან კომუნიკაციით ითვისებდნენ ვაჭრობასა თუ სხვა პროფესიულ სფეროებში. XVIII-XIX საუკუნეებში კი თავადაზნაურულ და ბურჟუაზიულ ოჯახებში გუვერნანტი ქალბატონები თავიანთ მშობლიურ ფრანგულ ენაზე ისტორიას, გეოგრაფიას და სხვადასხვა საგნებს ასწავლიდნენ აღსაზრდელებს და აღსაზრდელებიც „ბუნებრივი“ გზით ითვისებდნენ უცხოურ ენას. გარკვეულწილად ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში და შუა საუკუნეებში, უფრო მეტად კი XVIII-XIX საუკუნეებში შეგვიძლია ვეძებოთ ბილინგვური საგნობრივი გაკვეთილის ძირითადი პრინციპების საწყისი, რაც გამოიხატებოდა ენის ინტერკულტურული სწავლების მეთოდებში, ასევე ენისა და საგნის ინტეგრირლებულად სწავლებაში, კერძოდ კი უცხოურ ენას ადამიანები იყენებდნენ სხვადასხვა პროფესიული საქმიანობებისთვის.
 ეს ნაშრომი ეხება ბილინგვური განათლების ერთ-ერთ ეფექტურ ფორმას, რომელიც დასავლეთში საგნობრივი შინაარსისა და ენის ინტეგრირებული სწავლების სახელითაა ცნობილი. ორი საგნის გამოყენება სასწავლო პროცესში მასწავლებლის მხრიდან სერიოზულ მომზადებას მოითხოვს. მოსწავლეების მიერ ორივე ენაში მაღალი კომპეტენციის მისაღწევად და ამასთანავე საგნის შინაარსის ასათვისებლად კლასში სტრატეგიული საგაკვეთილო და ენობრივი დაგეგმვაა აუცილებელი. ხშირად მოსწავლეები სასწავლო საგანს ვერ ითვისებენ მეორე ენის შეზღუდული ცოდნის გამო, რაც მათი აკადემიური ჩამორჩენის მიზეზიც ხდება; ამასთანავე საგნობრივი პედაგოგები შიშობენ, ინტეგრირებულ გაკვეთილზე ენობრივი კომპეტენციების ამაღლებისთვის გარკვეული დროის დათმობა დააზარალებს ეროვნული სასწავლო გეგმას მოცემულ საგანში (მათემატიკაში, ფიზიკაში, გეოგრაფიაში და ა. შ.), რომლის დაფარვაც სავალდებულოა ყველა საგანში. ნაშრომში მოცემულია კონკრეტული რეკომენდაციები საგნობრივი პედაგოგებისთვის, თუ როგორ დაიგეგმოს ინტეგრირებული გაკვეთილი, რა ტიპის აქტივობები გამოიყენონ ასეთი გაკვეთილების ჩატარებისას  და რა პრობლემებს შეიძლება წააწყდნენ. სასწავლო საგნის შინაარსისა და ენის ათვისების ინტეგრირება სასწავლო პროცესის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რომელიც მასწავლებელმა უნდა შეასრულოს.  ეს მართლაც რთული პრობლემაა, რომლის გადაჭრაც მხოლოდ მასწავლებელთა თანამშრომლობის შედეგად არის შესაძლებელი. სწავლების ენისა და სასწავლო საგნობრივი შინაარსის ინტეგრირება ნიშნავს ენობრივი კომპონენტების საგნობრივ გაკვეთილებში ჩართვას. ინტეგრირებული მიდგომა აგებს ხიდს მეორე ენის გაკვეთილებსა და საგნობრივ გაკვეთილებს შორის. ამ მიდგომის გამოყენების შედეგად ორი დადებითი შედეგი მიიღწევა: მეორე ენისა და სხვა სასწავლო საგნის მასალის (საგნობრივი შინაარსის) ათვისება. სასწავლო საგნის გაკვეთილზე მასწავლებელი სასწავლო მასალას მოსწავლის შემეცნების დონის შესაბამისად ასწავლის, ხოლო მოსწავლის ენის ცოდნის დონის შესაბამისად ირჩევს საკომუნიკაციო აქტივობებს; ასე რომ, ენა იქცევა მასალის ათვისების საშუალებად, ინსტრუმენტად და არა სწავლების საგნად. ენისა და საგნობრივი შინაარსის ინტეგრირებული სწავლება რამდენიმე უმნიშვნელოვანესი უნარის განვითარებას მოითხოვს პედაგოგისგან: ეს ერთნაირად ეხება როგორც მეორე ენის პედაგოგს, ასევე სხვა საგნების მასწავლებლებსაც: 1.მრავალფეროვანი ინფორმაციის მატარებლების გამოყენება - რათა მეორე ენის მასალა შეძლებისდაგვარად მარტივად აღსაქმელი გახდეს, მასწავლებელმა ინფორმაცია შემეცნების მრავალფეროვანი მასალის გამოყენებით უნდა მიაწოდოს მოსწავლეებს: რეალური საგნების, ცხრილების, გამოსახულებების, დიაგრამების, ასევე დემონსტრირების, წინასწარ წაკითხვისა და წერის სტრატეგიების გამოყენებით. 2. მოსწავლეებზე ორიენტირებული სწავლების პროცესის ორგანიზება - სწავლების ცენტრში უნდა იყოს მოსწავლე, მისი ინტერესები და საჭიროებები. მოსწავლე არის აქტიური ობიექტი, მასწავლებლის ფუნქციაა, მოსწავლეების თანამშრომლობასა და თითოეული მოსწავლის ცოდნის მიღების პროცესში აქტიურ ჩართვას შეუწყოს ხელი. მასწავლებელმა სამუშაო ისე უნდა დაგეგმოს, რომ მოსწავლეს ანალიზის უნარი განუვითაროს, რაც ასათვისებელი მასალის შემდგომში გამოყენებისთვის არის აუცილებელი. ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარებას სერიოზული მომზადება ესაჭიროება: უპირველესად, განსასაზღვრია როგორც საგნობრივი, ასევე ენობრივი მიზნები. გასააზრებელი და დასაგეგმია თითოეული აქტივობა. ინტეგრირებული მიდგომის დაგეგმვისთვის უპრიანია მომზადების შემდეგი ხერხი: სანამ ინტეგრირებული მეთოდის გამოყენებას დაიწყებდეს, საგნის მასწავლებელმა უნდა იცოდეს, თუ რა ხერხებს იყენებს მეორე ენის პედაგოგი თავის გაკვეთილებზე. ამ ინფორმაციის მისაღებად მასწავლებლები ერთმანეთის გაკვეთილებს უნდა დაესწრონ და კლასში მუშაობის პროცესს დააკვირდნენ. რასაკვირველია, კარგია, თუკი საგნისა და ენის მასწავლებლები წინასწარ იქნებიან მომზადებულები ტრენირების გზით. ენისა და სხვა სასწავლო საგნის მასწავლებლებმა, ერთად მუშაობის დროს, უნდა დაადგინონ ენობრივი სირთულეები და მოსწავლისთვის საჭირო უნარები, რომლებიც შესაბამისი საგნის მასალის ათვისებისთვის არის აუცილებელი (მაგალითად, სახელმძღვანელოს წაკითხვის უნარი; სავარჯიშობის რვეულში დავალების შესრულების უნარი; სხვადასხვა ტერმინის მნიშვნელობის გარკვევის უნარი; საკუთარი აზრის გამოთქმისა და დასაბუთების უნარი და სხვა). შემდეგი ნაბიჯი საგნობრივი და ენის მასწავლებლის ერთობლივი მუშაობის პროცეში იმ პრობლემების დადგენაა, რომლებიც შესაძლოა შეექმნათ მოსწავლეებს ამა თუ იმ მასალის (იგულისხმება საგნობრივი მასალა) ათვისებისას. ასეთი სახის პრობლემები შეიძლება წარმოიშვას, მაგალითად, იმის გამო, რომ სახელმძღვანელოების ან სხვა, დამხმარე ტექსტების ლექსიკა ზედმეტად რთულია. ასეთ შემთხვევებში მეორე ენის მასწავლებელი ეხმარება საგნობრივ პედაგოგს თვალსაჩინოებების შედგენაში, სადაც მაქსიმალურად გამარტივებული იქნება შესასწავლი აუცილებელი ტერმინები და ის მარტივი ენობრივი კონსტრუქციები, რომელთაგამოყენებითაც მოსწავლე შეძლებს ცოდნის გამოვლენას მეორე ენაზე, ძირითადი სათქმელის გადმოცემას ქართულად. საგნობრივმა მასწავლებელმა უნდა დაადგინოს თავისი საგნის სწავლების პროცესში ყველაზე ხშირად გამოსაყენებელი სიტყვების ჩამონათვალი. მეორე ენის მასწავლებელთან თანამშრომლობით უნდა უზრუნველყოს ამ სიტყვების სწორად გამოყენების უნარი. შესაძლოა, ძალიან გამოადგეთ ძირითადი სიტყვების მოსწავლეებისათვის წინასწარ გაცნობა. მასწავლებელს შეუძლია, გაკვეთილის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს ისეთ სიტყვებზე, რომელთაც შეუძლიათ მოსწავლეთა აზროვნება სწორი მიმართულებით წაიყვანონ, დაეხმარონ მიზეზ-შედეგობრივი კავშირის პოვნასა და პასუხების მოძიებაში. როგორც არაერთხელ ითქვა, ინტეგრირებული გაკვეთილის ახსნისას აუცილებელია მრავალფეროვანი ვიზუალური მასალის გამოყენება; მაგალითად, შეიძლება ქაღალდზე ამოწერილი და ამოჭრილი, ქართულ ენაზე შესრულებული საჭირო ტერმინების მიკრობა. ეს დამატებითი ინფორმაცია გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეიძლება დარჩეს ვიზუალურ მასალაზე განთავსებული. როცა დარწმუნდებით, რომ მოსწავლეებმა ახალი ტერმინები აითვისეს, მიკრობილი ფურცლების მოხსნა შეგიძლიათ. ასევე, მასწავლებელმა უნდა შექმნას სიტუაციები, რომლებშიც მას შეუძლია დარწმუნდეს, რომ მოსწავლეები ახალ ტერმინებს სრულად დაეუფლნენ. გაკვეთილის დაგეგმვისას მასწავლებელმა უნდა დაისახოს უმნიშვნელოვანესი მიზნები და სწორედ მათ მოარგოს შესაბამისი მასალა, რათა გამოუსადეგარი წვრილმანებისა და დეტალების სწავლებას აარიდოს თავი. საგნის მასწავლებელს შეუძლია მოძებნოს ალტერნატიული სასწავლო წიგნები ან სხვა მასალა, რომელთა განმარტებებიც უფრო შეესაბამება მეორე ენის ათვისების პროცესში მყოფ მოსწავლეებს. მასწავლებელს, ასევე, შეუძლია უკვე არსებული ტექსტების მოსწავლის ენის ცოდნის დონის შესაბამისად ადაპტირება; არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საჭიროა პირველ რიგში ძალიან მარტივად აღსაქმელი მასალის მომზადება ახალი თემის სასწავლებლად, ხოლო შემდეგ გაკვეთილებზე ენობრივი მრავალფეროვნების თანდათანობითი ზრდა, სანამ თემა სრულად იქნება ათვისებული. ძალიან მნიშვნელოვანია, გაკვეთილის დასაწყისში მიზნები დაფაზე დაიწეროს და ქართულ ენაზე ხმამაღლა დავასახელოთ (შესაძლებელია, მოსწავლეებსაც გავამეორებინოთ ეს მიზნები). სასარგებლო იქნება ასევე იმის განმარტება, რომ ეს გაკვეთილი წინა და შემდეგ გაკვეთილებთან მჭიდრო კავშირშია. სანამ მოსწავლეები რაიმე სამუშაოს შესრულებას შეუდგებოდნენ, მასწავლებელმა მათ სავარჯიშოს სრული აღწერა უნდა გააცნოს: სასურველია, პედაგოგმა შეძლოს ამ აღწერის ქართულ ენაზე წარდგენა, თუმცა, გავითვალისწინოთ, რომ პირობის გაგება უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და მშობლიური ენის გამოყენების შეზღუდვა ამ კომპონენტში მიზანშეუწონელია. ამის შემდეგ მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეებს მისცეს უფლება, ეს დავალება საფეხურებად თავად შეასრულონ. ეს ხერხი განსაკუთრებით მათემატიკისა და სხვა ზუსტი მეცნიერებების სავარჯიშოების შესრულებისთვისაა ხელსაყრელი. საჭიროა, რომ მოსწავლეებს თანამშრომლობისა და კლასში სამუშაოდ ურთიერთკავშირისთვის წინაპირობა შევუქმნათ. ყოვლად დაუშვებელია, რომ მასწავლებელმა მხოლოდ ლექციის ფორმატი გამოიყენოს - თვითონ ილაპარაკოს ბევრი, ხოლო მოსწავლეები პასიურები იყვნენ; მოსწავლეების დამოუკიდებელ, წყვილებში ან ჯგუფებში მუშაობა საუკეთესო ფორმაა ინტეგრირებული სწავლებისათვის. ისინი აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი გაკვეთილის ყველა მონაკვეთში. ამ შემთხვევაში მოსწავლეები კარგად აითვისებენ როგორც საგნობრივ მასალას, ასევე, გაიუმჯობესებენ ენის ცოდნას. მასწავლებელმა ხელოვნურად უნდა შექმნას სიტუაციები, რომლებშიც მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცემათ, საგნის შესაბამისი ლექსიკა გამოიყენონ და საგნობრივი შინაარსის შესახებ საკითხებზე ისაუბრონ, ასევე, წერილობით გამოთქვან აზრი ქართულ ენაზე. ენის ათვისების პროცესში მოსწავლეები საუბრისას შეცდომებს უშვებენ. ეს ბუნებრივი მოვლენაა. ბილინგვალი მასწავლებელი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მოსწავლეებს ესმით ინფორმაცია და არ უნდა მიაქციოს გადაჭარბებით დიდი ყურადღება ორთოგრაფიისა და სტილისტიკის ასპექტებს. რა თქმა უნდა, მასწავლებელმა თავად სწორი ფორმა უნდა შესთავაზოს, მაგრამ მისგან გამართული მეტყველების მოთხოვნა გაუმართლებელია. მთავარი როლი ენის სწორად გამოყენების ათვისებაში ენის მასწავლებელს უჭირავს და არა ამა თუ იმ საგნის პედაგოგს. ინტეგრირებული გაკვეთილის წარმატებული შედეგისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება სწორად და გემოვნებით შერჩეულ აქტივობებს. აირჩიეთ აქტივობები, რომლებიც მოსწავლეებს დაეხმარება, თავად აღმოაჩინონ ახალი ინფორმაცია; მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეებს ინფორმაციისორგანიზებაში და შესასრულებელი მოქმედებების თანმიმდევრობას უგეგმავს. საბუნებისმეტყველო მიმართულების ან სოციალურ მეცნიერებათა გაკვეთილებზე დიდი წარმატებით შეიძლება იმ ხერხების გამოყენება, რომლებშიც მოსწავლეები პროექტის მეთოდით იკვლევენ თავისივე არჩეულ თემას. მასწავლებელი მოქმედებს როგორც კოორდინატორი - მოსწავლე განსაზღვრავს პრობლემას, ეძებს მის მიზეზებს, ატარებს კვლევებს ან ექსპერიმენტს და პრობლემის გადაწყვეტის გზებს ეძებს. ენის ცოდნის დონე, აზრის გასაგებად გამოთქმის უნარი და პროექტის შემუშავების პროცესში სხვების აზრის გაგება იძენს კონკრეტულ პრაქტიკულ მნიშვნელობას. ამ დროს შესაძლებელია ქართული ენის - როგორც ინფორმაციის მოგროვების, მონაცემთა დამუშავების, არგუმენტირების საშუალებად გამოყენება. რეკომენდებულია, მასწავლებელმა გამოიყენოს აქტივობები, რომლებშიც მოსწავლეებისთვის ნაკლული ინფორმაციის მოძიება იქნება საჭირო: ამ ტიპის აქტივობებს მიეკუთვნება როლური თამაშები, სიტუაციური, კითხვა-პასუხების სავარჯიშოები, პრობლემების გადაწყვეტა. თითოეულ მოსწავლეს (კლასში ან ჯგუფში) აქვს ერთი ან ორი ინფორმაციის ფრაგმენტი, რომლებიც სავარჯიშოს შესასრულებლად არის აუცილებელი, მაგრამ არ არის საჭირო ინფორმაციის სრულად მიწოდება. მოსწავლეებმა ერთად უნდა იმუშაონ, უნდა გაცვალონ ინფორმაცია. ამ ხერხით მათი მეტყველების და აზროვნების უნარის გავარჯიშება და ენის დონის გაუმჯობესება შეიძლება. თემის ათვისების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მოსმენის აქტივობებს: თემის შესაბამისი მასალის მოსმენა მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, განეწყონ თემაში ჩაღრმავებისთვის. ამის უზრუნველსაყოფად მოსწავლეებს შეიძლება რაიმე სიმღერა, ლექსი ან თუნდაც მოკლე მოთხრობა შესთავაზოთ და ამის შესახებ გაუჩინოთ მოტივაცია, რომ მოკლედ ისაუბარონ ამ საკითხზე. საკმაოდ რთული საკითხია კონკრეტული აქტივობისა თუ, საზოგადოდ, გაკვეთილის შეფასება ინტეგრირებული სწავლების პროცესში; აქ დგება ერთი პრობლემა, რომელიც დამატებით თავსატეხს უჩენს პედაგოგს: როცა მოსწავლე ვერ ასრულებს ამა თუ იმ დავალებას, გასარკვევია, ეს ხდება საგნობრივი შინაარსის არასრულყოფილად ათვისების თუ ენობრივი კომპეტენციების დაბალი დონის გამო... ეს პრობლემა მართლაც მნიშვნელოვანია და მთელი რიგი შეფასებითი აქტივობებისა უნდა გამოიყენოს პედაგოგმა, რათა დასვას ზუსტი დიაგნოზი, გამოარკვიოს მიზეზი, თუ რატომ მოხდა მიზნის მიღწევის პროცესში შეფერხება. ეს ცალკე თემაა და საგანგებო მსჯელობას მოითხოვს.


გამოყენებული ლიტერატურა 

ბეიკერი, 2010 - Bკ. ბეიკერი, ბილინგვური განათლებისა და ბილინგვიზმის საფუძვლები; თბილისი, „საიმედო“, 2010 წ.
იევინა, 2009 - ე. იევინა, საგნობრივი შინაარსისა და სწავლების ენის ათვისების ინტეგრირება გაკვეთილზე; ბილინგვური განათლება; სამაგიდო წიგნი მასწავლებლებისთვის; თბილისი.
უილიამსი, 1996 - WILLIAMS, Cen, 1996, Secondary education: Teaching in the bilingual situation. შარაშენიძე, 2010 - ნ. შარაშენიძე, ტრენინგები ინტერკულტურული და ბილინგვური სწავლების თოდებსა და სტრატეგიაში, ჟურნალი „ბილინგვური განათლება“, თბილისი, „საიმედო“, 2010 წ., №1.



რეზიუმე

     ნაშრომი ეხება ბილინგვური განათლების ერთ-ერთ ეფექტურ ფორმას, რომელიც დასავლეთში საგნობრივი შინაარსისა და ენის ინტეგრირებული სწავლების სახელითაა ცნობილი. ორი საგნის გამოყენება სასწავლო პროცესში მასწავლებლის მხრიდან სერიოზულ მომზადებას მოითხოვს. მოსწავლეების მიერ ორივე საგანში მაღალი კომპეტენციის მისაღწევად და ამასთანავე, საგნის შინაარსის ასათვისებლად კლასში სტრატეგიული საგაკვეთილო და ენობრივი დაგეგმვაა აუცილებელი. ნაშრომში მოცემულია კონკრეტული რეკომენდაციები საგნობრივი მასწავლებლებისათვის, კერძოდ, როგორ დაიგეგმოს ინტეგრირებული გაკვეთილი, რა ტიპის აქტივობები გამოიყენონ პედაგოგებმა ასეთი გაკვეთილების ჩატარებისას  და რა პრობლემებს შეიძლება წააწყდნენ ისინი. სასწავლო საგნის შინაარსისა და ენის ათვისების ინტეგრირება სასწავლო პროცესის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რომლის ეფექტური შესრულებაც ყოველი მასწავლებლის მიზანს  წარმოადგენს.


Resume

The work deals with  one of the most effective form of  bilingual education which is known in the West as an integrated teaching of a subject and a language. Two subjects which are used in the teaching process require serious preparation of the teacher. Strategic planning is necessary in order to get high results in students’ achievements in both subjects. This issue provides specific recommendations for teachers, especially how to plan an integrated lesson, what type of activities to use to conduct it and what problems they could be encountered. The integration of two subjects is one of the main aims of educational process that should be effectively performed by a teacher.



No comments:

Post a Comment